დავით მათიკაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს თუ საფრთხე დაემუქრება, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული სასამართლო ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს და მასში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ტუსკმა აღნიშნა: „შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია“.
დავით მათიკაშვილის თქმით, თუ რაიმე სახით საფრთხე დაემუქრება საკონსტიტუციო ცლილებების მიღების პროცესს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.
„საკონსტიტუციო ცვლილებები იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის. პოლიტიკური პირობა „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებლად შესრულდება. თუ რაიმე სახით საფრთხე დაემუქრება ამ პროცესს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება. იგრძნობა ლობისტების ხელიც, არასწორი ინფორმაციის ანალიზიც. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ჩაერევა ვერც ერთი სხვა მხარე. ყველა სხვა დანარჩენი საკითხი არის სამართლისა და კანონის ფარგლებში. სასამართლო ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს და ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.