სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკუთრების დაცულობის ის ხარისხი, რომელიც დღეს არსებობს, 2012 წლამდე არ არსებობდა, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო კლიმატის ანგარიშშს, რომელიც მსოფლიოს 170 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მოიცავს.
დეპუტატის შეფასებით, ანგარიშში ძალიან მაღალი შეფასებაა ბიზნესგარემოზე.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან მაღალი შეფასებაა ბიზნესგარემოზე, რაც საქართველოშია. ჩვენს ქვეყანაში არსებული ინვესტიციების ძალიან მაღალი დაცულობაა. ხაზგასმულია ის, რომ 20 ივნისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ პროპორციულად იმოქმედა. მართლაც იყო მცდელობა საქართველოს პარლამენტში უკანონოდ შემოჭრის. ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკუთრების დაცულობის ის ხარისხი, რომელიც დღეს არსებობს, 2012 წლამდე არ არსებობდა და კერძო საკუთრებაში სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ჩარევა, მიტაცება და რეკეტი ხდებოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ იძულების წესით ხდებოდა.