დავით მათიკაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტო უფრო პრეზიდენტის საკუთარი სუბიექტური პოზიციის გამოხატვაა, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული მიდგომის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებბზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ, რადგან ცვლილებები მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესის სრულყოფას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ვეტო – მოტივირებული შენიშვნები უფრო პრეზიდენტის საკუთარ სუბიექტურ პოზიციას გამოხატავს.
„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, იქნება მიღებული. საქართველოს პარლამენტში ვეტო იქნება დაძლეული, რადგანაც ცვლილებები საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის არის გათვალისწინებული. ის ცვლის იმ წესს, რომელმაც რეალურად საქართველოში არ იმუშავა ორი წლის განმავლობაში. სწორედ დეპოლარიზაციის მიზნით შექმნილმა შეთანხმების რესურსმა ოპოზიციის მხრიდან, საბოლოო ჯამში, თავი მოიყარა, როგორც პოლარიზაციის და პედალირების ინსტუმენტმა. საარჩევნო კომისიას უნდა ჰყავდეს თავმჯდომარე და წევრები, რომლებიც იქნებიან არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ იმ ვადით, რა ვადითაც არის გათვალისწინებული და არა ექვსთვიანი მოვალეობის შემსრულებელი. პრეზიდენტის მონაწილეობის ხარისხი რჩება საკმაოდ მაღალი იმ ცვლილებებში, რომელიც არის შემოთავაზებული. რაც შეეხება ვეტოს, მას მოტივირებული შენიშვნები ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში, მოტივირების ხარისხი საერთოდ არ არის ამ შენიშვნებში და უფრო პრეზიდენტის საკუთარი სუბიექტური პოზიციის გამოხატვაა, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირებული მიდგომის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს არანაკლებ 90 ხმით.