საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.

„ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

„ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.