დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება ეწინააღმდეგება ევროპაში დამკვიდრებულ სამართლიანობის პრინციპებს, შალვა პაპუაშვილი რეზოლუციის შეფასებაში სავსებით მართალია
დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება ეწინააღმდეგება ევროპაში დამკვიდრებულ სამართლიანობის პრინციპებს, შალვა პაპუაშვილი რეზოლუციის შეფასებაში სავსებით მართალია

მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სამართლიანობის პრინციპებს, რაც ევროპაშია დამკვიდრებული. ამიტომ, სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც რეზოლუციას ასეთი შეფასება მისცა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც შალვა პაპუაშვილი მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის შესახებ მიმართავს.

დავით მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილის სტატუსი არის მოგონილი და შეთითხნილი, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ არასწორი მოქმედებით შეტანილი იყო რეზოლუციაში, რამაც რეზოლუციის მიმართ კითხვები გააჩინა.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება არღვევს ევროპული სამართლიანობის პრინციპებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული უამრავ საქმეში, მან საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა. სწორედ ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე. შესაბამისად, სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სამართლიანობის პრინციპებს, რაც ევროპაშია დამკვიდრებული. ამიტომ, სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, როცა რეზოლუციას ასეთი შეფასება მისცა. სააკაშვილის სტატუსი არის მოგონილი და შეთითხნილი, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ არასწორი მოქმედებით შეტანილი იყო რეზოლუციაში, რამაც რეზოლუციის მიმართ კითხვები გააჩინა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.