დავით მათიკაშვილი - პარლამენტის წევრი და ყოფილი უფლებადამცველი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გადაცემით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ და როდესაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყო დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით.
„საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ეკა ბესელიამ, საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს მისი ეს ინფორმაცია, თუ კი არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ, როგორც უფლებადამცველი ყოფილი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერვე მოწვევის პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი იურისტი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, მისივე შეფასებით, პროკურატურაში მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობის დასახელება გარკვეულ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს.
„როდესაც ეს მძიმე დანაშაული, მით უმეტეს საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, აუცილებლად ალბათ პირველ რიგში, შენ უნდა იყო დაინტერესებული, რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდო, რომ ასეთი რამ აღიკვეთოს სხვა პირების მიმართ. მოუცლელობა ალბათ არ არის ადეკვატური და რელევანტური მიზეზი პროკურატურაში არ მისვლის“, – აღნიშნა დეპუტატმა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადგან სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ, ეკა ბესელია ვალდებულია, მყისიერად მიაწოდოს მათ ინფორმაცია.
„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრჯერ გადაიტანა მსგავსი ტრავმები, ეს ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებაა და პირიქით, მყისიერად უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. ნებისმიერი პირი, ვინც ფლობს ასეთ ინფორმაციას, მით უმეტეს პარლამენტის წევრი, მით უმეტეს ყოფილი უფლებადამცველი უნდა იყოს მოწადინებული სასწრაფოდ გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხი გასცეს ამ კითხვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოუცლელობა და სხვა მიზეზები თავისთავად ბუნებრივად ბადებს კითხვის ნიშნებს, იყო თუ არა ეს განცხადება საერთოდ ახლოს რეალობასთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება და არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი.
ამასთან, აღნიშნული განცხადების შემდეგ ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.