ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება
ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება.

ამასთან ეკა ბესელია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება არ სურს.

„საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ მუხრუჭებს ყველამ თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა ადამიანებისა, რომლებიც აღნიშნული ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. არ იქნება ეთიკური, ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად. თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო, გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლა არ ხდებოდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, მას რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე აქვს ინფორმაცია.

„არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ის თემა არ არის, სადაც შეიძლება, მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა, მასშტაბი რამხელა იქნება. სადაც ერთი, ორი, სამი შემთხვევა იქნება და თვალს დავხუჭავთ, ეს ძალიან სწრაფად გაიზრდება. ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი“, – განაცხადა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი