დავით მათიკაშვილი - მთავარი არ არის, მიხეილ სააკაშვილი რას ამბობს, მთავარია, 2008 წელს როგორ მოქმედებდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში მტერი შემოიჭრა და ქვეყანას თავი უნდა დაეცვა, მაგრამ ხელისუფლებას შეეძლო ისე ემოქმედა, რომ ქვეყნისთვის სამწუხარო შედეგები არ დამდგარიყო.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი საქარველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი არ არის, მიხეილ სააკაშვილი რას ამბობს, მთავარია, 2008 წელს როგორ მოქმედებდა.
„იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ქვეყნის ლიდერს როგორი სიტყვებით მოიხსენიებს, რომელმაც ამ მნიშვნელოვან პროცესს ხელი შეუწყო. ეს მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელია. ეს პირველი შემთხვევა არ არის და მისი ასეთი ნეგატიური გამონათქვამები ხშირია, რომელიც ხანდახან ზრდილობის ზღვარსაც სცილდება“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
დეპუტატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როგორ მოხდა და ამ ყველაფრის მიზეზი რა იყო.
„იმ პრინციპებიდან უნდა გამოვიდეთ, რაც ტალიავინის დასკვნითაც არის დადასტურებული, რომ საქართველოში ოკუპანტი რუსეთია, მოსკოვმა ინტერვენცია მოახდინა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. შესაბამისად, კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, პასუხი გაცემულია. მეორე საკითხია, მაშინდელი ხელისუფლება როგორ მოქმედებდა, რა მიზნები ჰქონდა და იმ რთულ ვითარებაში როგორ ვერ შეძლო, რომ პოლიტიკა განეხორციელებინა არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამბიციებზე დაყრდნობით, არამედ ქვეყნის ინტერესებზე მორგებით“, – აცხადებს დეპუტატი.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომზე ორმა კომისიამ იმუშავა, რომელმაც დეტალები გამოიკვლია და თემა – თუ როგორ მოქმედებდა ადგილობრივი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტაბუდადებულად გამოცხადდა.
„ამის შეგნებულად გაიგივება მოხდა იმ მოცემულობასთან, თუ ვინ დაიწყო ომი იმისთვის, რომ არავის აზრად არ მოსვლოდა, ანალიზი ჩაეტარებინა იმის, თუ რა მოიმოქმედა ხელისუფლებამ, რისი გაკეთება შეეძლო, რა არ ან ვერ გააკეთა. ჩვენ არათუ მეტი უნდა ვისაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე, არამედ ხელისუფლება საუბარს იმით ვიწყებთ, რომ რუსული ოკუპაცია არის ის გადაულახავი პრობლემა, რომელიც ქვეყანას გამთლიანების საშუალებას არ აძლევს. ტალიავიანის დასკვნა იყო არაღიარების პოლიტიკის ხერხემალი, სადაც რუსეთს საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები ჩაუვარდა და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ერთმანეთთან არ უნდა გავაიგივოთ თემები – ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი, ვინ არის ქვეყნის მტერი იმ ქმედებებთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ იმ დროს განახორციელა. ეს არ არის გასაიგივებელი, ქვეყანა თავს იცავდა და უნდა დაეცვა, მაგრამ მეორე საკითხია, სწორი ნაბიჯები და იმ ქმედებების გადადგმა, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანდა, ან არ უნდა შექმნილიყო ისეთი ნოყიერი ნიადაგი, რომ რუსეთს საუკუნოვანი ოცნება განეხორციელებინა და ინტერვეცია მომხდარიყო“, – დასძინა მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს (IWPR) გუშინ ინტერვიუ მისცა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჰაიდი ტალიავინი პროსეპარატისტული იყო, საქართველოს არ ჰქონდა ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ მისი კანდიდატურა გაეპროტესტებინა.
„ჩვენ არ გვქონდა ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჰაიდი ტალიავინის კანდიდატურა გაგვეპროტესტებინა. ეს იყო დრო, როდესაც სექტემბერში ბუშმა მითხრა, მიშა, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და თქვენთვის დრო არ გვაქვსო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლა სარკოზი დიპლომატიურ პროცესში ამერიკელებს ჩამოშორებული იყო და ორმაგი თამაში ითამაშა.
„ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, იყო არაკომპეტენტური და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე თვეში „მისტრალებზე“ გაყიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.