საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულებულია. ამის შესახებ მან სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
„სააკაშვილი დამნაშავეა, შესაბამისად, თუკი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს, რა თქმა უნდა, ამუშავდება ის პროცედურები, რაც ზოგადად არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
მან პოლიტიკური მოღვაწეობა დაამთავრა. მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულებულია. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ამ ადამიანმა რაც გააფუჭა, პასუხი უნდა აგოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.