მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ

ჩამოვალ საქართველოში და ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩემს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ჩემს ხალხს განსაცდელში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” დაუბრუნებს თითოეულ ქართველს ეკონომიკურ ძალაუფლებას.

„მე ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ ამ მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას, ეგრევე გავზარდოთ ხელფასები. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც 11-ჯერ გაზარდა პენსია, რომ დამცლოდა კიდევ უფრო მეტად გავზრდიდი. ბანკების მაფიის თარეშის აღკვეთა, ივანიშვილის მაფიის არსებობის დასრულება, ხელფასების გაზრდა, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, მოგვცემს შესაძლებლობას, შევაჩეროთ საქართველოდან ადამიანების გადინება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო იცლება და ეს არის რეალური საფრთხე, ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სრწაფი ამაღლების, ხელფასების მატებით, ეკონომიკური შესაძლებლობის გაზრდით.

“მე ვაპირებ, ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს ღძრავენ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რათა არ ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩემს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ჩემს ხალხს განსაცდელში. მე არ ჩავაგდებ მათ სამუდამოდ ამ მაფიის ხელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.