დავით მათიკაშვილი - კომერციული ბანკი და რეგულატორი როდესაც საქმეს გაარჩევენ საჯაროდ, სხვა კომერციული ბანკი სასამართლოს აღარ მიმართავს და საკითხის პარლამენტში გარჩევას მოითხოვს
დავით მათიკაშვილი - კომერციული ბანკი და რეგულატორი როდესაც საქმეს გაარჩევენ საჯაროდ, სხვა კომერციული ბანკი სასამართლოს აღარ მიმართავს და საკითხის პარლამენტში გარჩევას მოითხოვს

კომერციული ბანკი და რეგულატორი როდესაც საქმეს გაარჩევენ საჯაროდ, ხვალ სხვა კომერციული ბანკი სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და საკითხის პარლამენტში გარჩევას მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ მსგავსი საქმის განსახილველად სხვა ფორმატები არსებობს.

„საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია პოლიტიკასთან და განზოგადებულ წესებთან, რაც უკავშირდება რეგულაციებს, ლარის კურსს, ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ყველა იმ წესს, რომელიც არის ზოგადი ქვეყნისთვის და რაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ღიად, საჯაროდ უნდა იქნას განხილული. სწორედ ამისთვის არსებობს დაბარების ეს მექანიზმი და შესაბამისად, კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება.

არის მეორე თემა, კონკრეტული საქმე, კონკრეტული კომერციული ბანკი და რეგულატორი ერთ სიბრტყეში. ასეთი განხილვის საჯარო მოსმენის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა დაიფაროს, ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. ამისთვის არსებობს სხვა ფორმატები. მე ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო, როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი წამოდგება, არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის, წამოდით, პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო. ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა, მაგრამ არა ასეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა. გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა,  რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ოპოზიციონერი დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღია ფორმატში უნდა იმსჯელონ.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.