დავით მათიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდად, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
დავით მათიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდად, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს

საარჩევნო ადმინისტრაცია და მთლიანად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდად, წყნარ ვითარებაში, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებასა და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიის შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში კონკრეტული ინციდენტი მოხდა, ინციდენტის დროს კი, სამართალდამცველები კანონით განსაზღვრული წესით მოქმედებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასება გასაკვირი არ არის. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაცია და მთლიანად ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, წყნარ ვითარებაში, დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა, სადაც ხდება იმ პრობლემებზე მსჯელობა, რაც საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია.

„სწორედ ამ ფორმატში ხდებოდა შეთანხმებების მიღწევაც, გადაწყვეტილებების მიღებაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: საკანონმდებლო სივრცე და ადამიანთა განწყობა. კარგად ვნახეთ, რა პროცესებიც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორი იყო ძალადობრივი და თუნდაც ოპოზიციის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ისინი უკან არ იხევდნენ იმ ქმედებებისგან, რაც საარჩევნო პროცესისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროცესზე ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„საარჩევნო პროცესზე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ცხადია, ხელისუფლებას განსაკუთებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.