დავით მათიკაშვილი - IRI-ს ყველა კვლევა საზოგადოების განწყობებთან აბსოლუტურად აცდენილია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არ ენდობა.
„ჩვენ IRI-ს კვლევას უნდობლობას ვუცხადებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას პატივს ვცემთ, 2012 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ყველა კვლევა, პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებით, საზოგადოების განწყობებთან აბსოლუტურად აცდენილია“, – აცხადებს მათიკაშვილი.
მისი თქმით, არჩევნებამდე ჩატარებული IRI-ს კვლევები სხვა სტატისტიკას აჩვენებდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე განსხვავებული შედეგი იდებოდა.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ IRI-ს მიერ დაქირავებული ადგილობრივი ორგანიზაციები, ერთი მხრივ, შესაძლოა, არაპროფესიონალურად ან მეორე მხრივ, შესაძლოა, შეგნებულად ქმნიან აბსოლუტურად არაადეკვატურ სურათს. ეს კი იწვევს საზოგადოებაში პროდასავლური შეხედულებებისადმი ნიჰილიზმს, რაც დაუშვებელია, ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ IRI-ს, რომ შემდეგში უფრო ზუსტად ასახონ ჩვენი საზოგადოების სულისკვეთება და ეს არ იყოს რომელიმე კონკრეტული პარტიული ჯგუფის ინტერესებისთვის გატარებული ღონისძიება“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები დღეს გამოქვეყნა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.