დავით მათიკაშვილი - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ დასახელებული ხუთი მიმართულება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის შესაბამისად, დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კონკრეტული შედეგებით არის განპირობებული.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს შესაბამის შედეგებს, კონკრეტულად, საქართველოზე. ამ კვლევის შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში მისაბაძ მაგალითს. ეს კონკრეტული შედეგებით არის განპირობებული. ცხადია, არის კონკრეტული გამოწვევები და მათ მიერ დასახელებული ხუთი მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ ორგანიზაციის შეხედულება სრულიად ასახავს იმ პოზიციას და მდგომარეობას, რაც საქართველოს რეგიონში გააჩნია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში.