დავით მათიკაშვილი - გვჯერა, პრინციპული, სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება ყველა საკითხის მიმართ იქნება მხოლოდ პროდუქტიული ევროკავშირთან დაახლოების გზაზე
დავით მათიკაშვილი - გვჯერა, პრინციპული, სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება ყველა საკითხის მიმართ იქნება მხოლოდ პროდუქტიული ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

გვჯერა, პრინციპული, სამართლიანი დამოკიდებულება ყველა საკითხის, მათ შორის, ენჯეოსექტორის დაფინანსების, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით იქნება მხოლოდ პროდუქტიული ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს“.

„წელიწად-ნახევრის წინ სრულიად უსამართლო მოვლენების მომსწრე გავხდით, როდესაც საქართველო, მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით მრავალი საფეხურით წინ მდგომი საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაიჩაგრა. დაიჩაგრა სწორედ პოლიტიკური მიზეზებით და კანდიდატის სტატუსი არ მიიღო. შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა შესაბამისი რეკომენდაციები და საკუთარი პოლიტიკის განხორციელებისას, თავისი ეროვნული პოლიტიკა არ შეუცვლია და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ გვჯერა, რომ პრინციპული, სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება ყველა საკითხის მიმართ, მათ შორის ენჯეოსექტორის დაფინანსების და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით იქნება მხოლოდ პროდუქტიული ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, პატივი სცეს საქართველოს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას.

„ევროპულ ქვეყნებს და იქ განვითარებულ მოვლენებს, არჩევნებს თუ დააკვირდებით, გამჭვირვალობის საკითხებს ხაზგასმით და პრიორიტეტულად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთი, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო. ასეთ კანონებს ბევრი ქვეყანა მიიღებს, რადგან ის საფრთხეები, რომლებიც ქვეყანაში შემოდინებულ თანხებთან ერთად ვლინდება, მისი გაუმჭვირვალედ ხარჯვის პირობებში პრობლემატურია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად დემოკრატიული მსოფლიოსთვის.

აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერის მოსაზრებას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. ეს არის ის სკანონომმდებლო პროცესი, რომელსაც შეუძლია, დააახლოოს საქართველო დემოკრატიულ, გამჭვირვალე და კანონის უზენაესობის პრინციპზე მდგარ ევროპასთან. იმ ევროპასთან, რიმელიც პატივს სცემს საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტს და რომლის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, საფრანგეთი იღებს ანალოგიურ კანონს იმ დანიშნულებით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, ღიაობა და გამჭვირვალობა მაღალი დონით იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.