დავით მათიკაშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის სახე ნინო ბურჯანაძისთვის კიბერშეტევა ხუმრობაა, იქნებ „ნაცმოძრაობისთვის“ 2008 წელიც ხუმრობა იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კიბერშეტევის საქმეზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას „საოცარს“ უწოდებს.
„ნინო ბურჯანაძის მხრიდან საოცარი განცხადება მოვისმინეთ, სადაც საუბარია ხუმრობაზე. ანუ, ბურჯანაძისთვის ეს ხუმრობაა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სახეა. იქნებ, გიგა ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 2008 წელიც ხუმრობა იყო, ბომბები რომ ცვიოდა თბილისსა და გორში. რა ხუმრობაზეა საერთოდ საუბარი!
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ სისტემას და საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი დაგვეხმარნენ ამ საკითხის ამოხსნაში.
ძალიან „მკაცრი“ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა 2008 წლის ომი ფაქტობრივად დასრულებული არ იყო და მათ რუსებს სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ შეფასებებს მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. საკუთარი თავი გაიხსენონ. ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტთან მიმართებაში ყოველთვის მკაცრია, ყველა რესურსსა და ფორმატს იყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კიბერშეტევის საქმეზე განაცხადა, რომ „შეიძლება, რუსებმა ივარჯიშეს ან გაიხუმრეს“.