დავით მათიკაშვილი - დიმიტრი მედოევის განცხადება ყურადსაღები გზავნილია, რადგან მასში შეიძლება, იკითხებოდეს სეპარატისტული რეჟიმისა და მისი მფარველების სურვილები
დავით მათიკაშვილი - დიმიტრი მედოევის განცხადება ყურადსაღები გზავნილია, რადგან მასში შეიძლება, იკითხებოდეს სეპარატისტული რეჟიმისა და მისი მფარველების სურვილები

ცალსახად შეგვიძლია, დიმიტრი მედოევის განცხადება პროვოკაციად შევაფასოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გარდა უცოდინრობისა და პროვოკაციისა, მედოევის განცხადება ყურადსაღები გზავნილიცაა.

„გარდა იმისა, რომ ავტორი და ამ სიტყვების განმცხადებელი ავლენს ძალიან დიდ უცოდინრობას ზოგადად გეოგრაფიის, ისტორიის და ასე შემდეგ, ეს არის ყურადსაღები მესიჯი ქართული მხარისთვის, რადგანაც აქ გარკვეულწილად შეიძლება, იკითხებოდეს სურვილები, რომლებიც სეპარატისტულ რეჟიმს და მის მფარველებს გააჩნიათ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის შესაძლოა, იყოს ინფორმაცია და მესიჯი, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ურთიერთობებში ეს თემაც გავაჟღეროთ და ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს აუცილებლად განხორციელდება, რათა საერთაშორისო მხარდაჭერით ნებისმიერი ასეთი პროვოკაციის პრევენცია შევძლოთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის ძალიან დიდი უცოდინრობა ყოველივე იმისა, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაცია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნოიეს დოიჩლანდში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შესახებ განცხადება დღეს გერმანიაში საქართველოს საელჩომაც გაავრცელა,  რომელშიც აღნიშნულია, რომ  „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) დაბალტირაჟიანი მედიასაშუალებაა. სხვადასხვა უწყების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz)  მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას. ასევე გაზეთის სტატიები რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩევა.

ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ დიმიტრი მედოევის ინტერვიუ მისი აბსურდულობიდან გამომდინარე, ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს.