დავით მათიკაშვილი - დღეს დადასტურდა, რომ ხდება არა დამთხვევა, არამედ ეს არის გარიგება, კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის
დღეს დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ ეს არის გარიგება, კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მათ თანამშრომლობაზე დიდი ხანია, საუბრობს.
„ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს არის კოალიცია. მათ თანამშრომლობაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ზოგს არ სჯეროდა, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას გამო თანამდებობიდან გადადგა, ზოგი არ იჯერებდა იმას, რომ ვაშინგტონში, ერთსა და იმავე სასტუმროში შეხვედრის მსგავსი დამთხვევა არ ხდება. დღეს კი დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ იმას, რომ ეს არის გარიგება და კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.