დავით მათიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, შეიქმნება კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას შეუქმნის
დავით მათიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, შეიქმნება კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას შეუქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი  დარწმუნებულია, შეიქმნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას შეუქმნის.

ამასტან, მათიკაშვილი კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებს შეწყალების სტატისტიკას.

„სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში შეწყალებებთან დაკავშირებით კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ევროპულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, იქ ასე არ არის. ჩვენთან 1600-ზე მეტი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულია შეწყალებულები 2013 წლიდან დღემდე.

ჩვენ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ შეწყალება წარმოადგენს ისეთ დემოკრატიულ და კონსტრუქციულ ინსტიტუტს და ეს არის ის დისკრეციული უფლება, რომელიც კონსტიტუციურად უნდა ქონდეს პრეზიდენტს.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მიდის აქტიური მსჯელობა და კანონპროექტის დამუშავება. ჩვენ ვცდილობთ, მოვუსმინოთ ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს, გავითვალისწინოთ ბევრი რამ. არ უნდა დაზიანდეს ღირებულებები. ლიბერალური ნარკოპოლიტიკის კუთხით, უნდა გავამკაცროთ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა და შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი სამედიცინო დახმარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევქმნით ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას შეუქმნის“, – აცხადებს დეპუტატი.