დავით მათიკაშვილი - ირაკლი აბუსერიძესთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, პროფესიულ სპორტზე ვიკამათეთ
დავით მათიკაშვილი - ირაკლი აბუსერიძესთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, პროფესიულ სპორტზე ვიკამათეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ მასსა და ირაკლი აბუსერიძეს შორის დაპირისპირება არ მომხდარა და პროფესიულ სპორტზე იკამათეს.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, პოლიტიკაზე საუბარი ერთმნიშვნელოვნად არ იყო.

„დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, კამათი იყო. ქართველებს ხმამაღლა საუბარი გვჩვევია, ალბათ, ხმის ტემბრითაც გამოვირჩევით. საუბარი სპორტზე იყო, პოლიტიკაზე საუბარი ერთმნიშვნელოვნად არ იყო. საუბარი გარკვეულ თემებზე იყო, რაც პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. საუბარი სპორტსა და სპორტულ საკითხებზე იყო. კერძოდ, რაგბზე. ხმამაღალი საუბარი იყო, რაზეც ჟურნალისტები ამოცვივდნენ და ეს ყველაფერი დაშორიშორდა. ჩემი გაყვანა არ მომხდარა, თავად გავედი. ამაზე საუბარი არის არათუ გადამეტება, არამედ არაფრისგან სპილოს შექმნა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, საუბარი ჰობის, პროფესიული სპორტის დონეზე იყო”, – აცხადებს მათიკაშვილი.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ირაკლი აბუსერიძემაც. მისი თქმით,  დავით მათიკაშვილთან დაპირისპირება არ ჰქონია და რაგბიზე მსჯელობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზის გარეთ მოხდა.