დავით მათიკაშვილი - აშშ-ის საელჩოს პოზიცია ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოვლად დესტრუქციული და უპასუხისმგებლო ქმედებების გამო შეიქმნა
აშშ-ის საელჩოს პოზიცია ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოვლად დესტრუქციული და უპასუხისმგებლო ქმედებების გამო შეიქმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას მოქმედებების ლოგიკური შედეგი იყო მისთვის პატიმრობის შეფარდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოვლად დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამართალთან არათავსებადი ქმედებების გამო საქართველოში შეიქმნა.
პროკურატურის მოთხოვნა, პარლამენტის ქმედება და სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ასეთი ქმედებების ძალიან ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგი. ეს მოვლენათა განვითარების ჯაჭვია, რომელიც მოჰყვება იმ ქმედებას, როცა ადამიანი უარს აცხადებს კანონის მოთხოვნის შესრულებაზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა სიტუაციაში სწორად გაერკვეს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში არ ჩაერთონ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, სიტუაციაში სწორად გაერკვეს. ეს არის ერთი ადამიანის და ერთი კონკრეტული დანაშაულებრივი პოლიტიკური დაჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ასეთ ქმედებაში სხვა პირები არ უნდა ჩაერთვნენ. არ უნდა მოხდეს მათი აფილირება ამ პოლიტიკურ ძალასთან. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ეს დემოკრატიის და იმ საკანონმდებლო დემოკრატიული სივრცის მოთხოვნაა, რომელიც საქართველოს აქვს.
არსებობს ერთი კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ერიდება აბსოლუტურად არაფერს, რომ ყველა არჩევნების წინ ან არჩევნების შემდეგ, შესაძლებლობების მიხედვით, საქართველოში სიტუაცია არიოს, ქვეყანა შუაზე გაყოს. არ ერიდებიან ოკუპანტი ქვეყნის სათათბიროს წარმომადგენელის მოშველიებას დამხმარე რგოლად. სწორედ ისინი დაუკავშირდნენ ამ პირვნებას და მისგან მიიღეს სწორედ ის მოცემულობა და ტექსტი, რომელიც პროვოკაციისთვის სჭირდებოდათ. კარგად ჩანს კავშირი სერგეი გავრილოვსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.