დავით მათიკაშვილი - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეზე გადაწყვეტილებას გუნდში მსჯელობის შედეგად მივიღებთ
დავით მათიკაშვილი - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეზე გადაწყვეტილებას გუნდში მსჯელობის შედეგად მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ახალი პირველი მოადგილის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოადგილის კანდიდატის დასახელება თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„მე ასე ვთვლი. ეს არის გუნდური გადაწყვეტილება. შესაბამისად, გუნდის შიგნით იქნება ამაზე მსჯელობა. აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას და კომიტეტის თავმჯდომარე, ცხადია, დაასახელებს პირველ მოადგილეს. ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც ძალიან კარგად გაართმევს თავს ამ მაღალ პასუხისმგებლობას. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით გუნდის შიგნით მსჯელობას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს გედევან ფოფხაძის განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს, რის შემდეგაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.