დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება დისკრეციულად იქნება მიღებული და კონსულტაციებიც გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დეპუტატების მიერ გადაწყვეტილება დისკრეციულად იქნება მიღებული და კონსულტაციებიც გაიმართება.
„გირჩის“ სულისკვეთება მესმის, რადგან საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ოპოზიციურ პარტიებს ამისკენ საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატები მოუწოდებენ. ამ საკითხზე დეპუტატების მიერ გადაწყვეტილება დისკრეციულად იქნება მიღებული და კონსულტაციებიც გაიმართება. როცა დეპუტატი ღილაკზე თითის მიჭერით გადაწყვეტილებას იღებს, საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ხდება უმრავლესობაში კონსულტაციების გავლაც“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
„გირჩმმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.