დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აქვს საკმაოდ მყარი არგუმენტაცია.

მათიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების საწინააღმდეგოდ მყარი არგუმენტაცია არ მოუსმენიათ, ფიქრობს, რომ მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების მიხედვით, ერთი მხრივ, იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებული, 48-საათიან და 12-საათიან დათქმას ვგულისხმობ, როდესაც 24 საათზე იქნა საბოლოოდ ჩამოყალიბებული დაკავების ვადა. მეორე შემთხვევა ეხება სიტუაციას, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევის გამო, მხოლოდ ერთი სახდელი იყო გათვალისწინებული, ხოლო განმეორებითობა არ ისჯებოდა და მხოლოდ ამგვარი დასჯის საკანონმდებლო ცვლილება იქნა შეტანილი. ჩვენ ვთვლით, რომ არგუმენტაცია ამ ცვლილებების არის საკმაოდ მყარი და არგუმენტირებული მსჯელობა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არ მოგვისმენია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა ადმინისტრაციული საკანონმდებლო რეფორმის კუთხით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის მიღება, შესაძლებელია ცვლილებებზე კვლავ ყველა კუთხით მსჯელობა. ასე რომ, მსჯელობის კარი კვლავ იღება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები არის სრულ შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს წინ უდგას. საფუძველი იმის, რომ ამ კანონს დაემუქროს ვეტოს დადება, რეალურად არ არსებობს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ვფიქრობ, ის არგუმენტაცია, რომელიც შეტანილ ცვლილებებს თან ახლავს და დასაბუთება, არის საკმარისი, რათა ყველანი დარწმუნდეს, რომ ეს კანონები არის კონკრეტულად არსებული მოცემულობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მიღებული და მას არანაირი სხვა მიზანი არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.