დავით მაღრაძე - შეუძლებელია, უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს, მაგრამ რაში შეგვიძლია შველა და რაში არა, ეს უნდა გავმიჯნოთ
ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი ვიბრძოლეთ, წარმოუდგენლად ბევრი სისხლი, ომი და ტრაგედიები ვნახეთ და ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის უმეტესობა პროცესებს გონივრულად აფასებს, ქართველმა კაცმა მშვიდობის ფასი მეტად გაიგო, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.
მაღრაძემ უკრაინაში ომზე ისაუბრა და განაცხადა, რო, „შეუძლებელია, უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს, მაგრამ რაში შეგვიძლია შველა და რაში არა, ეს უნდა გავმიჯნოთ“.
„ბოლო ათწლეულები სავსეა მიწა-წყლის დაკარგვით, ეროვნული თუ ცალკეული ადამიანური ტრაგიზმით, შიდა დაპირისპირებაც ვნახეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის ომში ლამის მთელი თაობა დაიკარგა. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის სიკვდილი სტატისტიკა კი არა, ტრაგედიაა. სიკვდილი სიკვდილად და, თაობამ ჯანმრთელობა, მომავლის იმედი დაკარგა, რაც საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. წლების განმავლობაში გაჭირვებაში, უშუქობაში ვიცხოვრეთ და ამ ყველაფრის ფონზე მშვიდობის ფასი კარგად გავიგეთ. ჯერ არაფერი დასრულებულა.
სამწუხაროდ, უკრაინაში ომი გრძელდება, მაგრამ ბოლო გამოწვევა ქართველმა საზოგადოებამ შედარებით გონივრულად შეაფასა. შეუძლებელია უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს, მაგრამ რაში შეგვიძლია შველა და რაში არა, ეს უნდა გავმიჯნოთ. თავგანწირვა ადამიანის უფლებაა, მაგრამ ქვეყნის, ნაციის გაწირვის უფლება განგებას არავისთვის მიუცია. უკრაინელი ხალხის მიმართ უკიდეგანო თანაგრძნობა გვაქვს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა ახლა, როდესაც ამ ქვეყანას ასეთი განსაცდელი უდგას, ჩემი ემოციების ფრქვევა სწორად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან არაერთი უსამართლო განცხადება მოვისმინეთ, ახლა საუკეთესო დრო არ არის ადეკვატური პასუხისთვის“,- განაცხადა დავით მაღრაძემ.