დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენას დღეიდან სამხატვრო გალერეა „ოპიზარი” მასპინძლობს
დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენას დღეიდან სამხატვრო გალერეა „ოპიზარი” მასპინძლობს. ყოფილი სპორტსმენის, კრივში ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის შავ-თეთრი ფოტონამუშევრების ნახვა მსურველებს საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის მანძილზე შეეძლებათ.
როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, ახალ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია ძველი ფოტოებიც, ძირითადად კი გრაფიკული ნამუშევრები და რამდენიმე პეიზაჟი. სპორტული კარიერის შემდეგ დავით კვაჭაძე ფოტოგრაფიამ გაიტაცა, წლების განმავლობაში მისი ნამუშევრების 40-მდე გამოფენა მოეწყო, როგორც საქართველოში, აგრეთვე გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.
„ამ გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე ძველი სურათიც, მაგრამ ხელოვნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ძველია იგი თუ ახალი, თუ სურათი საინტერესოა მაყურებლისთვის, იგი ყოველთვის საინტერესო დარჩება. აქ ძირითადად გრაფიკული სურათებია, შავ-თეთრი ფოტოები, სხვადასხვა ჟანრის, შუქჩრდილებია ბევრი, რამდენიმე პეიზაჟიც. მაქსიმალურად მინდოდა მხატვრული, გრაფიკული სურათები ყოფილიყო, პეიზაჟს თითქმის ყველა იღებს“, – აღნიშნა „მოამბესთან“ ფოტოგრაფმა.
არაერთი სპორტული წოდების შემდეგ, დღეს ხელოვანმა საქართველოს მხატვართა კავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსიც მიიღო. ამის დამადასტურებელი ბარათი მას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ პირადად გადასცა.