გალერეა „ოპიზარში“ დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
გალერეა „ოპიზარში“ დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

გალერეა „ოპიზარში“ დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ექსპოზიციაზე ბოლო წლებში გადაღებული სხვადასხვა ჟანრის 80-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

დავით კვაჭაძე საბჭოთა კავშირის სამგზისა და ევროპის ჩემპიონი ქართველი მოკრივეა, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობა ფოტოგრაფიაში გააგრძელა. 1998 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე გამოფენაში, მათ შორის 20 პერსონალურია.

გამოფენა გალერეა „ოპიზარში“ 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იგი სპორტსმენისა და ფოტოხელოვანის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

„აქ სხვადასხვა წლისა და ჟანრის ნამუშევრებია წარმოდგენილი – გრაფიკული სურათები, ბუნება, წელიწადის ყველა დრო, ქუჩის ფოტოგრაფია, სახეები, ძველი აფიშები და ასე შემდეგ. ყველას რაღაც ფორმა და სახე აქვს. 35-მდე გამოფენა მაქვს გამართული. ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ დაიწყო. ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა, ძალიან კარგი მეგობრები მყავდა — მხატვრები, მუსიკოსები. ისეთი სულიერი ურთიერთობა მქონდა ხელოვნებასთან, ერთ მშვენიერ დღეს მეც მოვინდომე ჩემი ხედვები, სურვილები ფოტოხელოვნებაში გამომეხატა“, – განაცხადა დავით კვაჭაძემ.

როგორ საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ აღნიშნა, დავით კვაჭაძის ნამუშევრები კარგად არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

„დავით კვაჭაძის სახელი კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ლეგენდარული სპორტსმენი, რომელიც ამჯერად ხელოვნების მოყვარულთა წინაშე არაჩვეულებრივი  მხატვრული ფოტოებით წარსდგა. ძალიან წარმატებული გახლავთ, როგორც ფოტოხელოვანი და ფოტომხატვარი, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. მისი არაერთი გამოფენა გაიმართა საქართველოში, უცხოეთის ქვეყნებში. ის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენელია ფოტოხელოვნების მიმართულებით“, – განაცხადა გურამ ცერცვაძემ.