გორის „დილა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ დატოვა. 25 წლის თავდამსხმელმა დიდი როლი ითამაშა, გუნდმა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა.
ფეხბურთელმა პირველ არხთან საუბრისას არ დამალა, რომ წამოსვლის მიზეზი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმებლობა აღმოჩნდა.
„გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე და ეწერა, რომ შემდეგ სეზონში პირობები უნდა გაეუმჯობესებინათ. „დილას“ მთავარ მწვრთნელს გიორგი დარასელიას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, უარესი ხელშეკრულება შემომთავაზეს, რის გამოც, წამოვედი. სად ვითამაშებ ახალი სეზონიდან, ეს მალე მეცოდინება. ეროვნული ლიგის რამდენიმე გუნდი დამიკავშირდა და არჩევანს მალე გავაკეთებ“, – ამბობს კირკიტაძე.
მანამდე, გორის “დილამ” ახალი კონტრაქტი 10 ფეხბურთელს აღარ გაუფორმა – სამ მათგანს, გიორგი ფოფხაძეს, ირაკლი ძარიასა და გიორგი პაპავას საქართველოს ეროვნული ნაკრებში უთამაშია. ამავე დროს, გუნდის მთავარი მწვრთნელმა გიორგი დარსელიამ პირველ არხთან სეზონის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ “დილას” ლეგიონერებიც დატოვებენ. ამ 11 ფეხბურთელის სანაცვლოდ, “დილაში” ჯერ მხოლოდ სამი ახალწვეული ჰყავთ – ბათუმის “დინამოდან” ანზორ სუხიაშვილი, ქობულეთის “შუქურადან” – გია ჩადუნელი, ხოლო თბილისის “ლოკომოტივიდან” – ნოდარ ქავთარაძე.