დავით კირკიტაძე - მმართველმა გუნდმა არც ქართველი ხალხის, არც არცერთი პარტნიორის თხოვნა არ გაითვალისწინა, რითაც გულს უკლავენ ჩვენს უამრავ პარტნიორს და გულს უხარებენ დაუძინებელ მტერს
დღეს ამ დარბაზში ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს და უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენებს ქვეყანას, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თქვენ უკვე ხართ დასრულებულები და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ოფიციალურად დაგასრულებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პრენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისის თქმით, მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც ქართველი ხალხის, არც არცერთი პარტნიორის თხოვნა, შეგონება, რითიც გულს უკლავენ ქვეყნის უამრავ პარტნიორს და გულს უხარებენ ჩვენს დაუძინებელ მტერს, ჩრდილოელ მეზობელს.
„ბატონო შალვა, თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ ზვიად გამსახურდია, და ისე, შეხსენებისთვის, არასდროს ბატონ ზვიადს არ შეშინებია ამ დარბაზიდან გასვლა და იქ, პარლამენტის წინ იმ ხალხისთვის მიმართვა, რომელ ხალხსაც ასე წარმატებით, ორმოცი დღეა, ემალებით. ემალებით პოლიციელების უკან, ისე შემოდიხართ და გადიხართ ამ დარბაზიდან. ასევე თქვენ უწოდეთ ვიღაცები ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და ჩვენმა მტერმა და მოწინააღმდეგე რუსეთმა ვერ მიაღწიოს მისთვის საწადელ მიზანს როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე ფიზიკურად, რომელსაც არაერთი მცდელობაც აქვს ყოველდღიურად. შეგახსენებთ, ის ხალხი, ვისაც თქვენ ვიღაცებს უწოდებთ ყოველდღიურად ზრუნავენ საერთაშორისო მასშტაბით იმაზე, რომ რუსეთმა მის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ოკუპაციის პოლიტიკა არ განახორციელოს და ჩვენი ქვეყანა არ დააყენოს დიდი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე.
ახლა მინდა, იმ ხალხს მივმართო, ვინც ათობით და ათასობით გამოდის ჩვენი ქალაქების ქუჩებში, ვინც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენს საელჩოებთან თუ მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ადგილებზე აპროტესტებს, იმ ადამიანებს, ვინც სოციალური ქსელით თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, იქნება ეს სპექტაკლები, იქნება ეს აუდიტორიები, გამოდიან და აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, გამოდიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
დღეს ამ დარბაზში მოხდება ის, რაც ჩვენ ყველას და ამ ქვეყნის უმრავლესობას ძალიან არ გვინდა. დღეს ამ დარბაზში ის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დაძლევს ვეტოს პრეზიდენტისას და უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენებს ამ ქვეყანას. მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მაქსიმუმ, პრობლემების მოტანა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ, ამ ქვეყნისთვის, წარმატებით გაგრძელდება ხუთი თვე. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, მინდა, ვუთხრა მადლობა და მინდა ვუთხრა, რომ დღეს აქ არაფერი არ სრულდება. დიახ, ეს ბრძოლა თავგანწირული ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უნდა გაგრძელდეს, გაგრძელდეს ყველგან იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, იქ, სადაც საქმიანობთ. უნდა გაგრძელდეს უფრო მეტად და უფრო აქტიურად, რადგან მმართველმა გუნდმა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში, ძალაუფლების მქონე პოლიტიკურმა პარტიამ არ გაითვალისწინა არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი არცერთი პარტნიორის და მეგობრის თხოვნა, მოწოდება, შეგონება და ისინი კვლავ აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას, რითიც გულს უკლავენ უამრავ ამ ქვეყნის პარტნიორს, ჩვენი ქვეყნის უამრავ მეგობარს და გულს უხარებენ მხოლოდ ერთადერთს, ჩვენს დაუძინებელ მტერს, ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს. ეს არის ის რეალობა, რაც არის შექმნილი.
დღეს დარბაზში ჩვენ ვისმენდით ღვარძლს მოქმედ პრეზიდენტზე, ფსევდო და ცინიკურ ზრუნვას თითქოს ოპოზიციაზე და რაღაც გამოვლინებებს იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს მმართველი პარტიიდან მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, ასაკის თუ პროფესიული სხვაობის ადამიანები დღეს თქვენ მოგიწოდებენ, რომ არ დაძლიოთ ვეტო და თქვენ კვლავ აგრძელებთ იმ რეალობაში ცხოვრებას, რომელი რეალობაც შექმნილი გაქვთ მხოლოდ თქვენ გარშემო, ამ დარბაზში, რომელიც გარშემორტყმულია პოლიციელებით, რობოკოპებით და თქვენ გგონიათ, ამით რაიმეს კარგს უკეთებთ თქვენს თავს ან ჩვენს ქვეყანას. ძალიან ცდებით, ბატონებო, ძალიან ვწუხვარ, რომ ღრმა შეცდომაში ხართ შეყვანილი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი არ მოგვცემენ იმის საშუალებას, რისი დიდი სურვილიც გაქვთ და ეს ქვეყანა ივლის ევროპისკენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.