დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.
როგორც ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, ივერი მელაშვილი იმყოფებოდა მერვე იზოლატორში, თუმცა პანდემიის გამო, გადმოიყვანეს ე.წ. მატროსოვზე.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება სრულიად უკანონოდ მოხდა.
„ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ აღკვეთის ღონისძიებას, რადგან ეს საქმე შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოშიც გაგრძელდეს. აუცილებელია, ყველა ეტაპი ამოიწუროს სამართლებრივად. ბრალდების მხრიდან არ იყო არანაირი საფუძველი წარმოდგენილი, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული. პატიმრობა არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად მსუბუქი საშუალებები სრულად აკმაყოფილებდა პირობებს. პროკურატურის პოზიცია იყო აბსტრაქტული და მხოლოდ თეორიებზე დაფუძნებული, და არ იყო გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი არგუმენტაცია საჩივარში. მასალებს ვეცნობით ეტაპობრივად, არის საკმაოდ მოცულობითი საქმე, რომელსაც გავეცანით. შემიძლია გითხრათ, რომ არათუ პასუხისმგებლობისთვის, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვისაც არ იყო საკმარისი ეს მტკიცებულებები“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საქმის მოწმეები არიან კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარეები და მამა კირიონი.
„რასაც ედავება პროკურატურა ივერი მელაშვილს, იმის შესახებ ყველას ჰქონდა ინფორმაცია, მათ შორის კომისიასაც. გადაწყვეტილება, რომელიც იყო რუკებთან დაკავშირებით, არასდროს ყოფილა რომელიღაც ერთი პირის მიერ. ეს ორგანო იყო კოლეგიური ორგანო, შესაბამისად, ის, რომ ვინმე რამეს მალავდა, ამ ფაქტს არ ვადასტურებ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, დაკავებულის მეუღლემ, თამარ სულაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ ჰქონდა ძალიან სუსტი არგუმენტები.
„მგონია, რომ დავალებაა ეს და ასრულებენ, თორემ აქ ყველა კარგად ხედავს, რომ ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი. კარგად ხედავენ, რომ ესენი არაფერ შუაში არ არიან, ყველა ხედავს, რომ ესენი არიან წესიერი, პატიოსანი ხალხი, და თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებენ ყველაფერს. მე რაც ვუსმინე და ვუყურე პროკურატურის წარმომადგენელს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ უნდათ თქვან – თოვლი შავია. არ ვიცი, მომავალში რამდენად სამართლიანი იქნება სასამართლო“, – განაცხადა თამარ სულაშვილმა.