დავით გადელია - ბავშვებშიც ოდნავ დამძიმდა კორონავირუსის მიმდინარეობა, თუმცა ეს არ არის ლეტალობის დონის
ჩვენი დეპარტამენტის უფროსის ბოლოდროინდელი მოხსენებებით, ბავშვებშიც ოდნავ დამძიმდა დაავადების მიმდინარეობა, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით გადელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„თუმცა ეს არ არის ისეთი ლეტალობის დონის, მაგრამ ოდნავ დამძიმდა. ადრე, ბავშვებში ძალიან იოლად მიდიოდა“, – განაცხადა გადელიამ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა ამის გამომწვევი ბრიტანული შტამი, დავით გადელიამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ბრიტანული შტამი ბავშვებში ოდნავ მძიმედ მიმდინარეობს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამარტივდა თუ არა დაავადების რთულ ფორმებთან ბრძოლა ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ და რამდენად იმატა რთული ფორმების დაძლევის შემთხვევებმა, გადელიამ აღნიშნა, რომ გამოცდილებით, მედპერსონალმა იცის, რა უნდა გააკეთოს, თუმცა, როცა რთულ შემთხვევებზეა საუბარი, ბრძოლა ძალიან მძიმეა.
„გამოცდილებამ ის შეგვძინა, რომ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რა საშუალებებიც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, საშუალება არ არის მთლად ეფექტური. იმიტომ, რომ ვირუსზე პირდაპირ ზემოქმედებას ჩვენ ვერ ვახდენთ, თუმცა თვითონ ეს ბრძოლა იმდენად რთულია, რომ ამით არაფერი გაადვილებულა. უბრალოდ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბრძოლა არის ძალიან მძიმე, როცა საუბარია რთულ შემთხვევებზე“, – განაცხადა გადელიამ.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოპტიმისტური მოლოდინები ახალ პრეპარატ „ექსო 24“-თან დაკავშირებით, გადელიამ განაცხადა, რომ ამ პრეპარატის შედეგების შესახებ მსჯელობა საბჭოზე გაიმართება.
„აუცილებლად ველოდებით, რომ ასეთ პრეპარატს კაცობრიობა გამოიგონებს. ისრაელიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან, აუცილებლად ველოდებით. ამ პრეპარატის შედეგების შესახებ საბჭოზე ვიმსჯელებთ. ცხადია, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, რა იქნება და როგორი იქნება. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, როგორია ამ პრეპარატის მოქმედება და რანაირი შედეგები შეიძლება, ჰქონდეს. თუ ამ პრეპარატის კვლევის პროცესში ქვეყანა ჩაერთვება, მას ექნება დასტური, როგორც ჯანმო-სგან, ასევე იმ მარეგულირებლებისგან, რომლებსაც ჩვენ ვენდობით და რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. სხვა შემთხვევაში, ცხადია, არც ერთ პრეპარატს არ გამოვიყენებთ“, – განაცხადა გადელიამ.
ოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საბედნიეროდ, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და მსურველები იმაზე მეტი არიან, ვიდრე სახელმწიფოს მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია.
„ვაქცინების მოპოვება უკვე ყველა ქვეყნისთვის რთული გახდა და ეს არც ისე ადვილი საქმეა. სწორი არ არის, თითქოს, ხალხს არ უნდა აცრა. ადრე იყო, ათიდან ორ კაცსაც არ უნდა აცრაო, მაგრამ ასე არააა. პირიქით, ძალიან დიდი მოთხოვნაა“, – განაცხადა გადელიამ.
დავით გადელიას თქმით, ის, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა, ფაქტობრივად, კაცობრიობას ღალატობს.
„ეს არის ჩვეულებრივი ომი, სახეობათა შორის ომი. ეს არ არის ერთი ადამიანის ჯანმრთელობა, რომ ვთქვათ, ადამიანს სიმსივნე აქვს და მისი საქმეა, იმკურნალებს თუ არა. არა, აქ სხვა ამბავია – ერთ ადამიანს შეუძლია, ყველა დაგვაავადოს. ეპიდემიოლოგიაში ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს მილიონიანი ქალაქის ნახევარი დაუვადებია. სხვათა შორის, ასეთი ამბავი საბჭოთა კავშირშიც მოხდა. აქ საუბარია მასობრივ შემოტევაზე და მასობრივ დაცვაზე, მასობრივი დაცვის დროს კი, ჩვენი სურვილები და უფლებები შეზღუდულია, რადგან ამ შემთხვევაში შენი უფლებები სხვის უფლბებზეც გადის. დაავადებული ქუჩაში პირბადის გარეშე რომ დადიხარ, ან იძახი, აცრა არ მინდაო, ეს მარტო შენი უფლება არ არის. აქ უკვე ჩემს უფლებებსაც ეხები და საშიშროებას მიქმნი, მე და მთელ ქალაქს. სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირად გაღიზიანებული ვარ ხოლმე და განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა ამას ტირაჟირებას მასმედიის წარმომადგენლები უკეთებენ. არაფრით არ შეიძლება ამ ხალხის ნაბოდიალების ტირაჟირება“, – განაცხადა დავით გადელიამ.