პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 26 ივლისს მოუსმენენ.
დვალი და აქიმიძე საკანონმდებლო ორგანოში, საჯარო ფორმატში დამოუკიდებელ დეპუტატებს – ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.
დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის თემა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, საკითხის საჯარო სივრცეში განხილვა.
„მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ყველა იმ ჯგუფს, რომელიც თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა საჯარო უნდა იყოს, მივცეთ ღია სივრცე პარლამენტში.
დვალს და აქიმიძეს ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ და პარლამენტში საჯაროდ უპასუხონ ყველა იმ კითხვას, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
როგორც დვალმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ის მიესალმება კობერიძის ინიციატივას და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად პარლამენტში მივა.