დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ
„რუსთავი 2“- ის დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ.
მათ დღეს ადვოკატებთან ერთად სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა მოითხოვეს.
დავით დვალის თქმით, 2015 წელს ტელეკომპანიის წილების მათთვის უკანონოდ წართმევის გამო დაზარალებულად იყვნენ ცნობილი, თუმცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ და ეს შესაძლებლობა კანონის შეცვლის შემდეგ მიეცათ.
დვალის განმარტებით, არსებული მასალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა დანაშაულებრივი სქემა იყო შემუშავებული.
„მე და ჯარჯის პრინციპული მნიშვნელობა გვაქვს მონიჭებული, რომ ეს მასალები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და ყველამ ნახოს, თუ რა ხდებოდა 2004 წელს. პროკურატურას ძალიან კარგად აქვს გამოძიებული ეს ყველაფერი, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს თაროზე შემოდო და უკვე 9 წელია, ეს საქმე გაჩერებულია. ვინ რა ჩაიდინა, რა მექანიზმებით და როგორი ზემოქმედებით მოხდა ქიბარ ხალვაშის ხელში ტელევიზია“, – განაცხადა დავით დვალმა.
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მოცემულ საქმეზე 14 მაისს ჩაინიშნა.