დავით დონდუამ ირანის ელჩს თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ირანის ელჩს თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებულ პრაქტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის სამინისტროში შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს საზღვარზე შემოწმების არსებულ პროცედურებს და ამ მიმართულებით ირანის ცალკეული მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებას.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ირანის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებულ პრაქტიკაზე და ეცნობა, რომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას და გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველა არხს მსგავსი გაუგებრობის მომავალში თავიდან ასაცილებლად.