დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა
დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელობას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მიესალმა გენერალური მდივნის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისა და არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. დავით დონდუამ ტომას გრემინგერს ამ პროცესში  ქართული მხარის სრული მხარდაჭერა დაუდასტურა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.