დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხად საქართველო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას დააყენებს
დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხად საქართველო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას დააყენებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხად საქართველო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას დააყენებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა.

მისი თქმით, თემას საქართველო მწვავედ დააყენებს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე.

ოფიციალური თბილისის მთავარი მოთხოვნაა, რუსეთმა ხელი არ შეუშალოს გამოძიების პროცესს, რათა დამნაშავე პირები გამოვლინდნენ, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, „პიროვნებების დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს იმაზე, რაც მოხდა. ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოძიების პროცესი წარმატებით დასრულდეს“.

მოლაპარაკებების ფორმატში ორივე სამუშაო ჯგუფში, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ ნაწილში, ტატუნაშვილის თემა წამყვანი იქნება, რადგან როგორც დონდუა აცხადებს, ეს თემა არის გამოწვევა უსაფრთხოების მხრივ და ამასთანავე, ეხება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„ეს, სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა. ორი წლის წინ იყო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. მანამდე იყო ბაშარულის ფაქტი და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ვიცით ვინც – ეს არის ის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა დავით დონდუამ.

მოლაპარაკებები შვეიცარიაში 27-28 მარტს იმართება, თუმცა არაფორმალური კონსულტაციები 26 მარტს უკვე დაიწყო თანათავმჯდომარე ორგანიზაციების (გაერო, ევროკავშირი, ეუთო) წარმომადგენლებთან.

27 მარტს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, ასევე პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და მეორე სამუშაო ჯგუფის თანამოდერატორებთან.

დასკვნით დღეს კი შედგება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მომზადებაზე გააგრძელებენ მსჯელობას.