დავით ჭიპაშვილი - „ხადორი-3“ ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სრულად გადაწერილია სხვა ანგარიშიდან
დავით ჭიპაშვილი - „ხადორი-3“ ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სრულად გადაწერილია სხვა ანგარიშიდან

არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი აცხადებს, რომ „ხადორი-3“ ჰესთან დაკავშირებით ადგილზე სათანადო შესწავლა და კვლევები ჩატარებული არ არის.

„„ხადორი-3“ ჰესთან დაკავშირებით საკმაოდ გვიან ჩავერთეთ. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მოგვმართა და გვთხოვა, წაგვეკითხა ამ პროექტთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და გვეთქვა მათთვის აზრი. აღმოვაჩინეთ, რომ პროექტი იყო სრულად გადაწერილი დოკუმენტი. უბრალოდ სახელები იყო შეცვლილი. ასევე, ჩავედით ადგილზე და ვნახეთ, რა ზემოქმედება იქონია ბატონი იორდანიშვილის აშენებულმა „ხადორი 1“-მა და „ხადორი 2“-მა. ფაქტობრივად, მდინარე არ არსებობს იმ მონაკვეთებში, სადაც ეს ჰესები არის ჩადგმული“, – აცხადებს ჭიპაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰესების მშენებლობის გამო, ხეობაში შეუძლებელი იქნება ეკოტურიზმის განვითარება. ჭიპაშვილისთვის გაუგებარია პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობაც.

„რა კავშირი ჰქონდა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო ბიზნეს ჯგუფის განსახორციელებელ პროექტთან? რა შუაში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო? ასევე, უწყებაში დაადასტურეს, რომ მათ მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, თავისთავად, ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ. აქაც იმის კითხვა, რა კავშირი ჰქონდა ამ პროექტთან ეკონომიკის სამინისტროს? „ხადორი-3“ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ ახმეტის მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – აღნიშნა ჭიპაშვილმა.

„ხადორი-3“ ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა დღეს „მწვანე ალტერნატივა“ მოსახლეობისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.