კომპანია „ფერის“ დირექტორი - პანკისის ხეობაში საპატრულო პოლიციის სამი მანქანით შევედით, რომ არა დამატებითი ძალები, გაცილებით ცუდი შედეგები გვექნებოდა
კომპანია „ფერის“ დირექტორი - პანკისის ხეობაში საპატრულო პოლიციის სამი მანქანით შევედით, რომ არა დამატებითი ძალები, გაცილებით ცუდი შედეგები გვექნებოდა

ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდებოდა პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს.

„მაშინ, როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყეთ, საჯარო განხილვები ჩავატარეთ დაახლოებით წელიწადნახევარი. ფაქტი იყო, რომ გასული წლის თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ მილების შეტანა, მოსახლეობა აბსოლუტურად ინფორმირებული იყო და თვეების განმავლობაში არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. შეიქმნა 30-კაციანი საბჭო, რომლებიც მოწინააღმდეგენი იყვნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამის შემდეგ ჩაერთნენ ჩვენი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სიტუაცია ისე შემოატრიალეს, რომ აქციის მონაწილეების გუშინდელი განცხადებები ჩვენი გადასახლების, ჩვენი ამოწყვეტის შესახებ, არის ყველაზე ყურადსაღები და საშიში. ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გეგმავს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, იორდანიშვილი ამბობს, რომ გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.

„ეს შემთხვევა ცოტა ჩვენს კომპეტენციას დაცილებულია. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იყო მიღებული. იქ საუბრობდნენ რამდენიმე პირობაზე. ერთ-ერთი ის იყო, რომ ჩვენ დავიწყებდით „სამყურის წყლის” მშენებლობას, რომელიც 27 მგ სიმძლავრისაა და პარალელურად, ვიმუშავებდით მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ასეთი შეთანხმება შემოგვთავაზა ქალბატონმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის, „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები – „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.