დავით ჭიჭინაძე - ტრამპი და მაკკეინი ლამის დუელამდე მიდიან, ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, მაგრამ პარტიიდან არავინ გაურიცხავთ
დავით ჭიჭინაძე - ტრამპი და მაკკეინი ლამის დუელამდე მიდიან, ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, მაგრამ პარტიიდან არავინ გაურიცხავთ

დღესაც გრძელდება ზარები მთელი საქართველოდან, მირეკავენ „ქართული ოცნების“ წევრები და ისინი ჩემ გვერდით არიან, – ამის შესახებ დეპუტატმა დავთ ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, უმრავლესობიდან მისი გარიცხვის პირველი მცდელობა არ გამოუვიდათ, თუმცა ვიღაცეები ამას მაინც ცდილობენ.

„მე არც პარტიიდან ვარ გარიცხული. დღესაც გრძელდება ზარები მთელი საქართველოდან, მირეკავენ „ქართული ოცნების“ წევრები და ისინი ჩემ გვერდით არიან. მათ იგივე ტკივილი აქვთ, რაც მე, თუმცა ეს  იკარგება კოლექტიური ზარდიაშვილების გადამკიდე. ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, ხმა მიაწოდონ ივანიშვილს, ვისაც ისინი 2012 წელს ენდნენ. რაც შეეხება უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გარიცხვას, როგორც ჩანს, ვიღაცას მაინც ჭია აწუხებს. პირველი მცდელობა უმრავლესობიდან გარიცხვის არ გამოუვიდათ.  ბევრი ადამიანის ლუსტრაცია ხდება, თუ როგორც იყვნენ შეფარებულნი „ქართულ ოცნებას“, ყველას ძალიან მალე ჩამოეხსნება ნიღაბი და მგონი უკვე ჩანს კიდეც, ვინ არის არის რეალური „ქართული ოცნება“ და ვინ მიტმასნილი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი კოლეგა ჩამორჩება იმ ღირებულებებს, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება.

ჭიჭინაძის განცხადებით, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანიც არის უმრავლესობაში და ყოველთვის იქნება ღირებულების ჭიდილი.

„პოლიტიკა ისეთი რამეა, ხან გადაგაყენებენ, ხან დაგნიშნავენ. ესენი რომ დასავლური პოლიტიკოსები არ არიან, ეს ფაქტია. ტრამპი და მაკკეინი ერთმანეთთან ლამის დუელამდე მიდიან ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, მაგრამ პარტიიდან არავინ გაურიცხავთ. ეს ახასიათებს დემოკრატიასა და დასავლურ ცხოვრებას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე საკმაოდ დიდია, მას კარგად უნდა ახსოვდეს კომკავშირი და ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

„შეიძლება 25-27 წლის ადამიანმა პოლიტიკაში ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ახალგაზრდული აღტკინებით მოგივიდეს, მაგრამ 40 წლის კაცი ზრდასრული ადამიანია. მის ცხოვრებაში დემოკრატიული პრინციპები ვერ ჩამოყალიბდა. მე კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, მას გონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებს. ჩარიცხვა რა არის, ან გარიცხვა რა არის, ჩვენ ვართ ადამიანები“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.