დავით ჭიჭინაძე ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს ხვდება
დავით ჭიჭინაძე ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს ხვდება

პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ხვდება.

როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა საელჩოს წარმომადგენელთა ინიციატივით იმართება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ იცის, თუმცა, განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ პარტიიდან მისი გარიცხვა იქნება.

„მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. შევხვდებით და გვეცოდინება რასთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა. ალბათ, მიმდინარე მოვლენებს შეეხება საუბარი. ჩემი გარიცხვის შესახებ ინფორმაციას რა მიწოდება უნდა, ვფიქრობ, ჩემი გარიცხვის შესახებ ალბათ, სხვებმა უფრო მეტი იციან, რადგან ჩემთვის მართლა გაუგებარია არგუმენტები, რასაც ასახელებენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, სასიამოვნოა, როდესაც ქვეყნის მეგობრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მსგავს ყურადღებას აქცევენ.

ამასთან, ჭიჭინაძის განცხადებით, მისი გარიცხვის საკითხის გადახედვის მიზნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის არ მიუმართავს, თუმცა ამის გაკეთებას არ გამორიცხავს.

„შემიძლია მიმართვა. უბრალოდ არ მიმიმართავს, ვადა მაქვს და ვფიქრობ, გამოვიყენო თუ არა. სხვადასხვა კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდები და მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, კონსულტაციებს გადის, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილთან, ისე ამომრჩეველთან.