დავით ბერძენიშვილი - მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით
მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება და საპატრიარქო ერთმანეთში შეზრდილია.
„პოსტსაბჭოთა საქართველოს ორი მთავარი შემადგენელი ჰყავს: ერთი არის მუდმივი – ეს არის ილია შიოლაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელი; მეორე არის ცვლადი – იყო შევარდნაძე, იყო სააკაშვილი, ახლა არის ივანიშვილი. არცერთ მათგანს მაინც და მაინც რამე განსაკუთრებული ეკლესიურობა არ ეტყობოდა, მაგრამ სამივე ხელისუფალი ცდილობდა ეკლესიასთან კეკლუცობას“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ლაპარაკობს საპატრიარქოზე, ლაპარაკობს ორგანიზაციაზე და არა – რწმენაზე.
„ბუნებრივია, საპატრიარქოშიც არის კარგი ხალხი, ძალიან სერიოზული, კვალიფიციური ადამიანები, მაგრამ ისინი არიან უმცირესობაში, როგორც ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, ხელისუფლებაში, უმცირესობაშია კვალიფიციური ადამიანები. ეს იქნება მთავარი მიმართულება, რომ ჩვენ, ქართველებს ტრადიციებს გვართმევენ. ორბანს თუ გაუვიდა, ივანიშვილს რატომ არ უნდა გაუვიდეს – ეს ჰგონიათ. მაშინ როდესაც ორბანს არც არაფერი გაუვიდა სინამდვილეში და იმ ათ მილიარდსაც ან მისცემენ, ან არა, მაგრად აწუწუნებენ. ეს არის მათი მდარე ამბავი. ამის ალტერნატივა რა არის? ამის ალტერნატივა არის, რომ ვამხილოთ ხელისუფალი. მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა პროპაგანდისტულ ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით. რა, სიახლე ხომ არ არის? ახლა ივანიშვილს, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ, რომ, აი, ჩვენ ქართველობას ვიცავთ. ქართველობას იცავენ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთთან ერთად არიან ეკლესიურადაც. ნუ დავივიწყებთ იმას, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს საპატრიარქო არ ცნობს და რუსეთის პროპაგანდისტული იმპერიალისტური, ჩეკისტური ეკლესიის მხარესაა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.