დავით ბარლიანი - გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით რთულია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ ღამით რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსის ინფექციით ერთი პაციენტი გადმოიყვანეს. ამ დროისთვის, ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი 65-წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში სულ 46 პირი რჩება, აქედან 34 სამხედროა.
„ორი პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, ხოლო მესამე, რომელიც გადმოყვანილია გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. არის მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე, რისკჯგუფშია, 65 წლამდეა. მისი მკურნალობა ხორციელდება კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილებით. ისტორია არის ამერიკა, თვითიზოლაციიდან მოხვდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სოციალური დისტანცია მის შემთხვევაში იყო დაცული. აქვე ვიტყვი, რომ დღეიდან ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იქნება გამოსაკვლევი ან პრევენციის მიზნით იქნება ღონისძიებები ჩასატარებელი, მოხვდება ჩვენს ჰოსპიტალში“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარლიანმა.