დავით ბაქრაძე - უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვის დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა
ტესტი არის რამდენიმე მთავარი კანდიდატი, მაგალითად შალვა თადუმაძე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი კანდიდატების“ არჩევა მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა, მათ გარდა რამდენ კანდიდატს შეარჩევს პარლამენტი.
„არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ კანდიდატს დაამტკიცებენ, ტესტი არის რამდენიმე მთავარი კანდიდატი, მაგალითად შალვა თადუმაძე. ამიტომ ის განცხადებები, რომ ყველას არ დავაკომპლექტებთ, ეს არის საზოგადოების მოტყუება. ყველას დააკომპლექტებენ თუ არა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვინ მოხვდება იმ სიაში, ვისაც მხარს დაუჭერენ. თუ მხარი დაუჭირეს წამყვან ფიგურებს, ვისი ხელითაც უნდა მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება სასამართლოში, მაშინ აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს, 12 კაცს დაამტკიცებენ, 16-ს თუ 27-ს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.
ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.