დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, რუსეთში გააცნობიერებენ, რომ აგრესიით მათ გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ
დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, რუსეთში გააცნობიერებენ, რომ აგრესიით მათ გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამერიკის ერთ-ერთ წამყვან გამოცემა Foreign Policy-თან ინტერვიუში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის 12 წლისთავთან დაკავშირებით აღნიშნავს აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან რუსეთს მიმართ მკაცრ მოთხოვნას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბაქრაძე ასევე ხაზს უსვამს პანდემიის პირობებშიც კი ოკუპანტი ძალების მხრიდან განხორციელებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის რეგიონიდან სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტების გადაადგილებაზე უარის შედეგად მიღებულ მსხვერპლს. ასევე, დავით ბაქრაძე ოკუპირებულ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების მზარდ რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„სამწუხაროდ, საქართველოში აგრესიიდან 6 თვეში რუსეთთან (მსოფლიო თანამეგობრობის) ურთიერთობა ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდა.. აშშ-ის კონგრესმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ოკუპირებულად პირველად მხოლოდ 2017 წელს ცნო და შეუწყვიტა ფინანსური დახმარება ყველა ქვეყანას, რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვნახეთ კონგრესის მხრიდან ძალიან მტკიცე გზავნილი შარშან, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ასევე სანქციებს აწესებს იმ პირებზე, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან მხილებულნი. იმედი გვაქვს, რომ სენატი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონმდებლობას და დაამტკიცებს მიმდინარე წელს,“ – აცხადებს საქართველოს ელჩი და დასძენს: „ვფიქრობ, რაღაც მომენტში რუსეთში გააცნობიერებენ, რომ ამ აგრესიით, მათ გააერთიანეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის სურვილი და გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ“.