დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, არსებობს კომპრომისის სივრცე და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვიმედოვნებ, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას
კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ შედიან ძალიან რთული დიალოგის პროცესი, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია და პროცესში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიის და სტაბილურობისთვის.
„დღეს იყო პირველი შეხვედრა და ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან რთული დიალოგის პროცესში, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია და პროცესში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ აქვეყნის დემოკრატიის და სტაბილურობისთვის. ამიტომ დღეს ეს პროცესი დავიწყეთ, დღეს შედგა მხარეებს შორის გაცვლა საბუთების, პოზიციების და მტკიცებულებების,დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიციები“, – განაცხადა ბაქრაძემ. მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავენ.
„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში, პროცესი გაგრძელდება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის ის, რომ თან და თან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე, მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძე ამბობს, რომ მეორე შეხვედრა ახლო მომავალში შედგება.
„მეორე შეხვედრა შედგება საკმაოდ მალე, ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ, ისევე როგორც კონკრეტულ ადგილს, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, რომ შეხვედრები გაგრძელდება ჩვენი მეგობრების, ფასილიტატორების მონაწილეობით და ვფიქრობ, ეს არის ისეთივე რთული პროცესი, შეიძლება, კიდევ უფრო რთულიც, როგორიც იყო წლის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით. ამიტომ რთული პროცესია, მაგრამ, ვიმეორებ, ამ რთულ პროცესში, როგორც პასუხისმგებლიან ოპოზიციას, ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. ამიტომ ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი, ვეცდებით, თუმცა ვიმეორებ, პასუხისგებლობის ძალიან დიდი ნაწილი არის მმართველი გუნდის მხარეს, რამდენად გაიაზრებენ ისინი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს.
პროცესი და შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმაზე, რაც პირველ ეტაპზე მიუღებელი და მიუღწევადია. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, ამისი მაღალი ალბათობა არსებობს, რადგან ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით ამ კრიზისში დარჩენა სჯობს, ერთპარტიული პარლამენტი, გახლეჩილი საზოგადოება სჯობს, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ შეთანხმება ვერ შედგება, მაგრამ წინასწარ არ მინდა საუბარი, მით უმეტეს პესიმისტური პროგნოზების გაკეთება, დღეს ჩვენ შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები და შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება, ვნახოთ, საითკენ მიგვიყვანს ეს პროცესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.