დავით ბაქრაძე - სუს-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ქვეყანაში არსებული რეალობა ერთმანეთთან შეუსაბამოა
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ქვეყანაში არსებული რეალობა ერთმანეთთან შეუსაბამოა.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რესურსს ტერორიზმზე, რუსულ პროპაგანდაზე, ადამიანის გატაცებასა და ოკუპაციასთან ბრძოლის ნაცვლად, ოპონენტების თვალთვალზე ხარჯავს.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ფუნდამენტური სხვაობაა სუს-ის ანგარიშსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
“რუსული პროპაგანდა საფრთხედ სრულიად სამართლიანად არის შეფასებული, თუმცა ამ დროს ვხედავთ, რომ საქართველოში „გაზპრომის“ შვილობილის სახით, ახალი რუსული პროპაგანდისტული არხი გაჩნდა. ანგარიშში სამართლიანად წერია, რომ ტერორიზმი საფრთხეა, თუმცა თვეების განმავლობაში, თბილისში ჩატაევი თანამებრძოლებთან ერთად დაუსჯელად გადაადგილდებოდა. ანგარიშში ოპოზიციაზე თვალთვალსა და მიყურადებაზე საერთოდ არაფერი წერია, ამ დროს კი, რეალურ ცხოვრებაში უწყება დაკავებული ამითია“, – განაცხადა ბაქრაძემ.