დავით ბაქრაძე - საქართველოში უცხოელი დამკვირვებელის ჩამოსვლა ერთ-ერთი პირობაა, რომ არჩევნები ვერ გაყალბდეს
დავით ბაქრაძე - საქართველოში უცხოელი დამკვირვებელის ჩამოსვლა ერთ-ერთი პირობაა, რომ არჩევნები ვერ გაყალბდეს

საერთაშორისო დამკვირვებლებს ინფორმაცია მივაწოდეთ, რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, ასევე გავაცანი ჩემი საარჩევნო პროგრამა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდა, რაც ბაქრაძის აზრით, იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება.

„ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული, რაც ძალიან კარგია და ეს არის ერთ-ერთი პირობა, ბევრს სხვა პირობასთან ერთად, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან. მთავარია, მოვიდეს ამომრჩეველი და გამოხატოს საკუთარი ნება.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რა არის ჩვენი პარტიისა და ჩემი, როგორც კანდიდატის პროგრამა, ჩვენი მიდგომა ამ არჩევნების მიმართ და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსთვის. ნორმალური, კარგი, სუფთა არჩევნები ქვეყანას წაიყვანს წინ.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ხვალინდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ხვალ გვექნება არჩევნები, სადაც ჩვენი მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ ნებას, ამ ყველაფრის შედეგად საქართველო წავა წინ და გვექნება საიმედო ხვალინდელი დღე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.