დავით ბაქრაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე რეალურია
დავით ბაქრაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე რეალურია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე რეალურია. ბაქრაძის თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად ნეიტრალური ბორდის შექმნაა საჭირო, რასაც არხის ჟურნალისტები ითხოვენ.

„სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე რეალურია. მარტივ ფაქტს შეგახსენებთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძემ განაჩენში პირდაპირ ჩაწერა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელის შეცვლის საფუძველია მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის ის, რაც სასამართლოს განაჩენშია ჩაწერილი, რომ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად უნდა შეიცვალოს მფლობელი. ეს ჩაწერა ურთმელიძემ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია და მესმის ჟურნალისტების და არა მხოლოდ ჟურნალისტების შეშფოთება და საფუძვლიანი განგაში ამ თემაზე. ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რასაც სთავაზობს არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები – ეს არის ნეიტრალური ბორდის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არხი იყოს კრიტიკული, მაგრამ ამასთან ერთად, ობიექტურიც და არ მოხდეს არხის პოლიტიკისა და პოზიციის შეცვლა. ვნახოთ, ხელისუფლების პირველი ტესტი იქნება – არა პაატა სალიასი, არა ქიბარ ხალვშის, არამედ ხელისუფლების ტესტი. თუ ასეთი საბჭო შეიქმნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სარედაქციო პოლიტიკა რაღაც ფორმით სიტყვის თავისუფლებასთან ერთად იქნება დაცული, თუ ეს საბჭო არ შეიქმნა, ეს იქნება პირდაპირი დასტური, რაც თქვა მოსამართლე ურთმელიძემ, ხდება იმის ასრულება და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.