დავით ბაქრაძე - რაც ხდება ქართულ მედიასივრცეში, არის დაგეგმილი პროცესი, რაც საშიშია ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის
რაც ხდება ქართულ მედიასივრცეში, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში ცოტა ხნის წინ, ახლა რაც ხდება „ტვ პირველთან“ მიმართებაში, ეს არის დაგეგმილი პროცესი, რომლითაც ხდება კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების ლოიალობის მიღება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რაც დღეს მედიაბაზარზე ხდება, აჩენს ეჭვებს.
„შეიძლება, არსებობდეს ერთი შემთხვევითობა, მაგრამ ცხოვრებაში როდესაც ხდება შემთხვევითობის ჯაჭვი, ამას მივყავართ ლოგიკურ შედეგამდე და დაგეგმილ პროცესამდე. რაც ხდება ქართულ მედიასივრცეში, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში ცოტა ხნის წინ, ახლა „ტვ პირველთან“ მიმართებაში, ეს არის ერთი დაგეგმილი პროცესი, რომლითაც ხდება კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ლოიალობის მიღება. გავიხსენოთ წერილი, რომელზეც საუბრობდა მამუკა ხაზარაძე ერთი წლის წინ, სადაც პირდაპირ იყო იდენტიფიცირებული „ქართული ოცნების“ ამოცანები მედიასივრცეში, რა ამოცანებით უნდა მომხდარიყო სატელევიზიო არხების ლოიალობის უზრუნველყოფა. ამ თანმიმდევრობას მიყვება ეს სქემაც. ამ არხზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შედის ძალიან ღრმა პრობლემაში და ეს პრობლემა შეიძლება, დასრულდეს ძალიან სერიოზული აფეთქებით. მათ გონიათ, რომ განსხვავებული აზრის ჩახშობით ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება. როდესაც აღარ იქნება კრიტიკული მედია, ნეგატიური მუხტი დაგროვდება საზოგადოებაში და ეს დაგროვილი მუხტი ბოლოს ააფეთქებს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს არის ძალიან საშიში თამაში, საშიშია ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.