დავით ბაქრაძე - ქვეყნის ვალი საგანგაშოდ მაღალია, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს
დავით ბაქრაძე - ქვეყნის ვალი საგანგაშოდ მაღალია, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს არასწორ მენეჯმენტსა და ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენების მიზნით.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, მთავრობამ მავნებლური და საგანგაშო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ქვეყნის ვალს კიდევ უფრო ზრდის და ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს.

„ცვლილებები სიმბოლურია, კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს. პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა გვახსოვს, როცა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თურმე, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ საქართველოს მთავრობა ვალებს არ იღებს. ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება ისედაც გათვალისწინებული იყო, ცვლილებებით კი, 400 მლნ ლარს კიდევ 500 მლნ ლარი დაემატება და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება. 2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, რაც გაორმაგებულია. ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია”, – აცხადებს ბაქრაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანა 500 მლნ ლარიან ვალს იღებს, რადგან ხელისუფლებამ შეღავათიანი საგარეო კრედიტის ათვისება ვერ მოახერხა.

„მათი უნიათობის, თავმოუბმელობისა და კორუფციის გამო,  შეღავათიანი კრედიტის ათვისება ვერ მოახერხეს და იძულებული ვართ, 500 მლნ ლარი შიდა ვალი ავიღოთ, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ეს აჩვენებს სისტემის მარცხს – უუნარობას, არაკომპეტენტურობას, კორუფციას. საგარეო ინვესტიციები საგანგაშო ნიშნულზეა ჩამოსული, ხელისუფლება კი, შეღავათიან კრედიტს ვერ ითვისებს და იძულებულია, საშინაო ვალი აიღოს. ვალი შეიძლება აიღო, როცა ეს ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ვალი რა მიზნით იქნება აღებული, ეს ცალკე თემაა. ეს ვალი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე პარლამენტს კანონპროექტი გუშინ წარედგინა. 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, 2019 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაგეგმილი 500 მილიონი ლარის ნაცვლად, 900 მილიონი ლარის საშინაო ვალს აიღებს.